გალში რუსული რბილი ძალა ძლიერდება - არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ 

გამოქვეყნდა:

გალში ეთნიკური ქართველებისთვის საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფამ უმძიმესი ფორმები მიიღო - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. 

"აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გალის რაიონში არსებულ სკოლებში ქართული ენაზე სწავლების სრულად აკრძალვა ეთნიკური ქართველების მიმართ მორიგი დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა და ასიმილაციური კულტურული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად გამოიყენოს მის ხელთ არსებული პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი მექანიზმები და რესურსები გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების განათლებისა და კულტურული უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის",- ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში

აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს მიერ 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა. პარალელურად ძლიერდება გალში რუსული რბილი ძალა, რის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" წერს: 

"2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ. დოკუმენტების არქონის გამო მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს როგორც პოლიტიკური უფლებები, არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩათვლით, ასევე, პრობლემები ექმნებათ გადაადგილების კუთხითაც.

გალის რაიონში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „აფხაზეთში რუსი თანამემამულეების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორგანიზაცია გალში ხსნის ოფისს,  სადაც რუსეთის ყველა მოქალაქეს ან რუსეთში ბინადრობის ნებართვის (ე.წ. „მიწერის”) მქონე პირს, მათ შორის, ქართული წარმოშობის პირებსაც, ექნებათ უფასო სამართლებრივი დახმარების, მათ შორის, ადვოკატის მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში კი, სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ რუსული პასპორტის აღებაში. 

გარდა ამისა, მათი თქმით, გალის რაიონს ექნება შესაძლებლობა, რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთოს. ამ მიზნით გალის რაიონში რუსეთის დუმის არჩევნებისთვის გაიხსნება საარჩევნო უბანი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა ბერკეტი და შეიმუშაოს გალის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობას გააუმჯობესებს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი