თბილისის კლუბები და ბარები მერიისგან გამოუყენებელი სარეკრეაციო სივრცეების გადაცემას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

თბილისის კლუბებისა და ბარების მეპატრონეებმა დღეს ერთობლივი განცხადება-პეტიცია წარადგინეს.

გასართობი ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტული სამუშაო გეგმის შედგენას, ასევე ფინანსურ დახმარებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ. მათ თბილისის მერს ასევე სთხოვეს, რომ მათთვის გამოიყოს მიტოვებული რეკრეაციული ზონები, სადაც თავიანთ საქმიანობას ღია სივრცეში გადაიტანენ, რათა კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს. 

კლუბების წარმომადგენლები ხელისუფლებისგან, რომელიც ორი წლის წინ კლუბებში იარაღით შევარდა  და დაარბია, აქტიურ დახმარებას არ ელოდებიან, თუმცა იმედი აქვთ, რომ პანდემიის გამო შექმნილი პირობები მთავრობის პოზიციას შეარბილებს. მათი თქმით, ხელისუფლება უკვე წლებია ცდილობს კლუბების შევიწროებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტები ძალიან მიმზიდველია ტურისტული თვალსაზრისით.

დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. ასევე ჩვენთან ერთად უნდა იქნას შემუშავებული რეგულაციები და დირექტივები, იმისთვის რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, მინიმუმ აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების კუთხით, - ვკითხულობთ განცხადებაში.

იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბებისა და ბარების მეპატრონეებს დახურული ობიექტების გახსნის შესაძლებლობა არ მიეცემათ, მათი წარდგენილი ინიციატივის თანახმად, უნდა მიეცეთ უფლება სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ სივრცეებში შექმნან ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი "გადარჩენის პარკი", სადაც არსებული დახურული ბარები თავიანთ ღია ვარიანტებს წარმოადგენენ. 

შეიძლება ჩვენი სფერო საერთოდ გაქრეს ამ ქალაქიდან, გაქრეს სფერო, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, - ამბობს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო დაკეტილი რესტორნების, ბარებისა და კლუბების გახსნის თარიღი უცნობია. ხელისუფლებას ბიზნესის ამ სფეროების ამუშავების გეგმა არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ თავის ფეისბუქის გვერდზე ამ სფეროს ამუშავების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი