გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი! - ბესიკ ხარანაულის ლექსი

გამოქვეყნდა:

გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი! - სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბესიკ ხარანაულის ლექსს "ჩემი ხმა", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გაიღვიძე, საქართველო,

ადექ, ტანი დაძარი!

ქოსატყუილები რომ გყავს

ბრძენკაცებად დამსხდარი,

ეშმაკებით რომ გაქვს სავსე

ცარიელი ტაძარი,

ცეცხლი გამონელებული,

დარჩენილი ნაცარი,

იმის კვალიც რომ იშლება,

აბა, ქარი სად არი,

მიწა მუჭით შეიჭმება,

ეს ანდაზაც მზად არი,

სახლი, კარი, ცა, ხმელეთი,

კაცის სახე რაც არი,

ტყეები გაგეჩეხება,

დაგემხობა ცა-მყარი,

სუყველა მტრად გაგიხდება,

მშიერი და მაძღარი,

არაფერი დაგირჩება

იყოს დაუტაცარი,

სინდისი დაგეკარგება,

ძაფი შუა გამწყდარი.

გაიღვიძე, საქართველო,

ადექ, ტანი დაძარი!

ყველას შენზე უფრო ღვიძავს,

ყველა უფრო მზად არი,

რომ გადაკერ-გადმოკეროს

შენი მიწა მთა-ბარი,

შენ წვრილმანებზე დარბიხარ,

რაც კაცისა არც არი,

კიბეებზე აკინძულან

გიენა თუ აფთარი,

კიბის ძირში შენა დგახარ,

შიშისაგან დამდნარი.

გაიღვიძე საქართველო,

ადექ, ტანი დაძარი!

ჭკუით გაისიგრძეგანე

სინამდვილე რაც არი,

ამდენ თავისმოტყუებით,

რაც სიზმარი არც არი,

ამდენი თვალის დახუჭვით,

მერამდენე ზამთარი,

მერამდენ ათას ტყუილზე

უნდა მიხვდე მართალი,

ქალი სხვაგან მხევალია,

კაცი სხვაგან ყმად არი...

გაიღვიძე საქართველო,

მიწას კვერთხი დაკარი,

ამოხეთქოს იქნებ სულმა

ვინც მიწაში დაფალი,

ამოვარდეს ნიავღვარი,

გადარეცხოს მთა-ბარი,

ამონათდნენ ვარსკვლავები

ჯოჯოხეთში გამქრალი.

გაიღვიძე, საქართველო,

ადექ, ტანი დაძარი!"

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი