ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მღვდელმთავარი ქართული ეკლესიის სინოდში - ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მრავალათასიან ქონებას ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეუფე ანტონი თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 175 კვადრატული ფართის ბინას ფლობს. მის საკუთრებაშია ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში 4000 კვადრატულ მეტრეზე მეტი მიწის ფართობიც, სადაც "მთავარი არხის" ინფორმაციით, მღვდელმთავარი ხშირად ჩადის. მეუფე ანტონის და მისი ოჯახის სახელზეა რეგისტრირებული კომერციული ფართები თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ უბანშიც.
ბაღდადის და ვანის ეპარქიაში ყველამ იცის რომ მეუფე ანტონის ქონება და შემოსავალი განუსაზღვრელია, ამავე მუნიციპალიტეტში ის კიდევ ერთ 1000 კვადრატულამდე მიწას ფლობს. გავლენიანი მღვდელმთავრის დიდძალ სიმდიდრეზე რეგიონში საუბარს ყველა ერიდება.
სოციალურ ქსელში მეუფე ანტონის ბევრი ისეთი განცხადებაა შენახული, სადაც ის საკუთარ ბიზნესპარტნიორებთან ფინანსურ საკითხებზე დაობდა. ყველა ასეთ შემთხვევაში თანხის სადაო ნაწილი ათი ათასობით ლარი იყო.
ჟურნალისტების მიერ მეუფე ანტონის ქონების დათვლამ მღვდელმთავარი განარისხა. ის ჟურნალისტებს უკმეხად ურჩევს საკუთარი ქონებით დაინტერესდნენ, თუმცა თავად დაუფიქრებლად ითვისებს და ითვლის ხალხის ქონებას.
მედიის ყურადღების ცენტრში სინოდის გავლენიანი მღვდელმთავარი იმ ქადაგების შემდეგ მოექცა, რომელშიც ქვეყნის დასავლური კურსი დაიწუნა და წელიწადში საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარის სიმცირის გამო იწუწუნა.