ვის, სად და როგორ უსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? სუსის საიდუმლო ფაილების გავრცელების შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდა პიროვნება, რომელსაც წლების განმავლობაში უშუალო შეხება ჰქონდა ამ სტრუქტურასთან, მუშაობდა იქ და დეტალურად იცის, როგორ ხდება მოსახლეობის ტოტალური მოსმენა.
ის ადასტურებს, რომ გაჟონილი ფაილები ეკლესიის თემაზე მომუშავე დეპარტამენტისგან წარმოებული ტოტალური მოსმენების შედეგია, შესაბამისად, მხოლოდ ზღვაში წვეთია უზარმაზარი მოცულობის უკანონო და ამორალური საქმიანობის, რომელსაც სუსი ეწევა.
ეკლესიაზე მომუშავე განყოფილების გარდა, არსებობს უამრავი სხვა სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომლებსაც საზოგადოების სხვა სეგმენტები აქვს ჩაბარებული - მაგალითად, პოლიტიკოსებზე მიყურადების დეპარტამენტი, თანაც ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის ცალცალკე, მათ შორის უსმენენ "ქართულ ოცნებასაც"; უსმენენ მთავრობასაც და პარლამენტსაც; ჟურნალისტებისა და მედიისთვის ცალკე დეპარტამენტია; ბიზნესმენებისთვის ცალკე; დიპლომატებისთვისაც ცალკე და ა.შ.
არსებობს ისეთი განყოფილებაც კი, რომელსაც აბორტების დეპარტამენტს ეძახიან, სადაც უთვალთვალებენ ქალებს, რომლებიც ნაყოფს იშორებენ - ხშირად, არასასურველი ბავშვი ოჯახს მიღმა არსებული და დასამალი ინტიმური ურთიერთობის შედეგია. ამიტომაც აინტერესებს ეს სუსს - ვინ ვის ბავშვს იშორებს და ვინ ვისთან ურთიერთობას მალავს.
უსმენენ ექიმებს, რომ მათი პაციენტების პრობლემები იცოდნენ. უსმენენ ფსიქოლოგებთან მიმდინარე კონსულტაციებს, სადაც ადამიანები თავისი ცხოვრების ყველაზე დაფარულ და ბნელ მხარეებს ამჟღავნებენ. უსმენენ საეკლესიო აღსარებებს - დიახ, თქვენ ნახავთ, როგორ უსმენენ მღვდელთან აღსარებაზე მისულ მრევლის წევრებს. და კიდევ უფრო საგანგაშო - აღსარების შინაარსის გამჟღავნებაში, ზოგჯერ, თვითონ აგენტი-მღვდლები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ანგარიშს აბარებენ სუსს.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია - ბევრად უფრო მეტს დათო აბრამიშვილის სიუჟეტიდან გაიგებთ...