რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიაში შესვლას ითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ვიგებთ, რომ რუსული მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აშშ მათ მოთხოვნილ ინფორმაციას არ აწვდის და რუსეთის შეშფოთების მიუხედავად, ვაშინგტონი არ ხსნის, რას აკეთებს რუსულ საზღვართან "ესოდენ" ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ამ ასპექტის გაუთვალისწინებლობა კი, მათი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მიუღებელია.

ლუგარის ცენტრში „გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ბიოლოგიური და მომწამლავი იარაღის აკრძალვის კონვენციის დაცვის შემოწმების მიზნით“ განხორციელებულ ინსპექციებს რუსული მხარე უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ეს ღონისძიებები აშკარად არის მიმართული საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, მოცემული ობიექტის ჭეშმარიტი მიზნების შესახებ.

რუსული მხარე აშშ-სგან ბიოლოგიური და მომწამლავი იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაძლო დარღვევაზე აპელირებს და ამ ვარაუდის უარსაყოფად ქართული მხარისგან ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების სრულფასოვანი ვიზიტის დაშვებას ითხოვს, ყოველგვარი მესამე მხარის, მათ შორის ამერიკული მხარისა და ყველანაირი საერთაშორისო თუ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასწრების გარეშე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელის 2019 წლის ივნისში ქართული მხარისთვის გაგზავნილი ნოტის პასუხს, რომელზეც, როგორც აღნიშნავენ, საგნობრივი პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

რუსული მხარე აცხადებს, რომ განაგრძობს მუშაობას ვაშინგტონთან და თბილისთან აღნიშნულ საკითხზე და ოფიციალური თბილისის პასუხს ელის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი