ვინ ჩაცხრილა სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი 4 წლის წინ, ისევ დაუდგენელია. შსს-მ მომხდარზე ერთი პირი, ომარ ბაციკაძე დააკავა, თუმცა გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.
მოკლულის ოჯახის წევრები საქმის სტრასბურგში გაგზავნას აპირებენ, თუმცა უკვე სამ თვეზე მეტია, გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურა მათ საქმის მასალების გადაცემაზე უარს ეუბნება.
ოჯახი და მათი ადვოკატი ფიქრობენ, რომ დამნაშავეს ხელს აფარებენ.
"როგორც ჩანს, პროკურატურასთან, არ ვიცი თანხა შესთავაზეს, თუ მოიძიეს ისეთი ადამიანები, რომ გადაერჩინათ ეს ადამიანი, იმის მაგივრად, რომ მისთვის მკვლელობაზე წაეყენებინათ ბრალი, წაუყენეს იარაღის ტარებაზე",- ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი.
ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი 2017 წლის 11 ივნისს მოკლეს. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.