ორი დღის შემდეგ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გაგრძელდება - 29 მაისიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 1 ივნისიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და ღია რესტორნები, 8 ივნისიდან კი სარესტორნო მომსახურების სრული სპექტრის მიღება გახდება შესაძლებელი, გაიხსნება სასტუმროებიც და აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა.
ინფექციონისტების მთავარი რეკომენდაციების პირობებში, როგორ მოხდება დისტანციის დაცვა ან ვინ როგორ გააკონტროლებს პროცესს, ჯერჯერობით უცნობია.
სანამ სრულად გაიმართება ყველაფერი, რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი იქნება, მაგრამ ჩემი აზრით ამას უნდა შევეგუოთ, რადგან ეს ხდება ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, - ამბობს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.
ხელახლა ამუშავებულ მუნიციპალურ ტრანსპორტში ქცევის წესები ბოლომდე ნათელი არ არის. ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეა. ადამიანები ნიღბის გარეშე ტრანსპორტში ვერ მოხვდებიან. ამის მონიტორინგს სატრანსპორტო კომპანიისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები განახორციელებენ. მიკროავტობუსებში იკრძალება მგზავრების ფეხზე დაყენება და კონდიციონერის ჩართვა. ღია ფანჯრები ხდება სავალდებულო.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს გადაწყდა, რომ სატრანსპორტო რეგულაციები სპეციალისტებთან ერთად ორ დღეში უნდა შემუშავდეს.
თენგიზ ცერცვაძე მოითხოვს, რომ სოციალური დისტანცირება ძალაში დარჩეს. მან განმარტა, რომ ეს აუცილებლობა მუნიციპალურ ტრანპორტშიც არსებობს, რადგან ტრანსპორტი ის გარემოა, სადაც კოვიდ-19-ის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.
პარასკევიდან შესაძლებელია ალბათ სიფრთხილის იმ ზომების დაცვით. უნდა მოინიშნოს ადგილები, თითო რიგში დაჯდეს ერთი კაცი და არა ორი, და რიგების გამოშვებით დასხდნენ, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ორშაბათიდან გახსნილ სავაჭრო მოლებში შესვლამდე აუცილებელი მოთხოვნა იქნება თერმოსკრინინგის ჩატარება, პირბადის კეთება და ხელის სადენზიფექციო ხსნარით დამუშავება. მაღაზიებში დროებით უქმდება გასახდელები, ამის გამო კლიენტს შესაძლებლობა ექნება სასურველი ნივთი შეძენიდან ორი კვირის განმავლობაში გადაცვალოს ან დააბრუნოს. დაბრუნებული ტანსაცმელი დარბაზებში სპეციალური დამუშავების შემდეგ დაბრუნდება.
რა თქმა უნდა, ეს არ არის 100%-იანი კომფორტი მომხმარებლისთვის, რომ გასახდელ ოთახებს ვერ გამოიყენებს, სამაგიეროდ ორი კვირა მიეცემათ, რომ დააბრუნონ და გადაცვალონ პროდუქცია, - ამბობს "ბითელ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი რეზო მაღალაშვილი.
რესტორნებისა და სასტუმროებში მთავარი მოთხოვნა მიმტანისთვის პირბადისა და წინსაფრის აუცილებლობაა; ობიექტებს უნდა ჰქონდეთ ერთჯერადი მენიუ; ერთ მაგიდაზე 6 პირზე მეტი დაუშვებელია, ხოლო მაგიდებს შორის დისტანცია უნდა იყოს ორი მეტრი. რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ რეგულაციები დასახვეწი და გაუგებარია.
ვერ გავიგეთ, რეგულაციები რა გვაქვს ქვეყანაში, რა უნდა შევამოწმოთ, ან როგორ უნდა გავიხსნათ, როგორ ვიმუშაოთ, რა გავითვალისწინოთ, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, - ამბობს რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეს რეგულაციები არ არის საბოლოო და ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. .