„ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ“ - ახლადგარემონტებულ ბინებში შესახლებული დევნილები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და ნესტიანი სახლების გასაღებების უკან დაბრუნებას აპირებენ

გამოქვეყნდა:

აფხაზეთიდან დევნილი ადამიანებისთვის ნანატრი საცხოვრებელი ახლა  ჯოჯოხეთად იქცა. ქუთაისში დევნილთა დასახლებაში 96 ოჯახს უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. ადამიანებს გაწვიმების ეშინიათ, რადგან მთელი ღამის განმვალობაში ძილის საშუალება არ ეძლევათ.

ახალ რეაბილიტირებულ საცხოვრებელში ისევე  წვიმს, როგორც ღია  ცის ქვეშ. ყველა ოჯახის ოთახის სხადასხვა კუთხეში სათლები დგას და ასე ებრძვიან უმძიმეს პრობლემებს.

ნიკეას 21 ნომერში მდებარე ყოფილი სასტუმროს რეაბილიტაცია სახელმწიფოს 3 მილიონამდე ლარი დაუჯდა. 2 წლის თავზე კი შენობაში ცხოვრება ადამიანებისთვის  გაუსაძლისი გახდა. დევნილები ამბობენ, რომ მათ უკეთეს პირობებს დაპირდნენ, სანაცვლოდ  კი ნესტიანი და წვიმიანი  საცხოვრებელი მიიღეს.

მოტყუებული დევნილები ახლა დახმარებას ისევ სახელმწიფოს სთხოვენ. ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ, თუ ალტერნატიული ფართს არ გამოუყოფენ. დევნილები გზის გადაკეტვას და ნესტიანი სახლის გასაღებების უკან დაბრუნებას აპირებენ.

მათ კი, ვისაც დევნილების ცხოვრების გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნათ, დღეს თავს იმართლებენ. ადგილობრივ  დევნილთა სააგენტოში ამბობენ, რომ მათთვის საცხოვრებელში არსებული მძიმე მდგომარეობა ცნობილია, თუმცა  ჯერ  დევნილებს  არ მიუმართავთ, ამიტომაც პრობლემის  მოგვარებას ჯერ არ აპირებენ.

ათობით ოჯახი ახლა სახელმწიფოს იმედადაა დარჩენილი. ვიდრე  ხელისუფლება დევნილების მდგომარეობით დაინტერესდება, ადამიანებს უმძიმეს პირობებში, წვიმიან ოთახებში მოუწევთ ცხოვრება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი