140-მილიონიანი ინვესტიცია თბილისის ცენტრში - "ორბი ჯგუფი" ცათამბჯენებს აშენებს

გამოქვეყნდა:

38-სართულიანი ცათამბჯენი ქალაქის ცენტრს 20 თვეში გადატვირთავს. ხელისუფლებამ ფავორიტი დეველოპერული კომპანია სარფიანად უკვე დააჯილდოვა. ''ყაზბეგი თაუერის'' მშენებლობის ნებართვა მთავრობამ კორონაკრიზისის პერიოდში ისე გასცა, რომ ქალაქის პრობლემებზე არც უფიქრია. ალუმინის პროფილიანი ვიტრაჟი, მინის მოაჯირები, ხის ფაქტურიანი და  თეთრი ფერის კომპოზიტური ფილები. ერთი შეხედვით ფეშენებელური, თუმცა თბილისისთვის უკიდურესად საშიში პროექტის ფუნდამეტის მშენებლობა "ორბი ჯგუფმა" უკვე დაიწყო, თუმცა არქიტექტორები ჩაბეტონებულ ქალაქში ყაზბეგის გამზირის განადგურებას ელოდებიან. 

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს სატრანსპორტო კომპონენტების უგულებელყოფა დედაქალაქისთვის განაჩენი იქნება. სწორედ მთავრობის გაუაზრებელმა ურბანულმა პოლიტიკამ აქცია თბილისი საცობების ქალაქად. სატრანპორტო სისტემის პარალიზება და კოლაფსი - ეს ის შედეგებია, რასაც ''ჰაბ ჯორჯია'' ყაზბეგი თაუერის მშენებლობის შემდეგ ელოდება. 

ორი ცათამბრჯენი ყაზბეგის გამზირზე, სისხლის გადასხმის ყოფილი ინსტიტუტის ტერიტორიაზე შენდება. წლების წინ აქ ჯანმრთელი ხეები ისე მოიჭრა, რომ ეკოლოგიურ ზიანზე არავის უფიქრია. სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ხეები უკანონოდ გაჩეხეს, რამაც, საბოლოოდ, მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობა შეიწირა. 

ხელისუფლების კიდევ ერთი ფავორიტი კომპანიის, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონ დოლარს აღემატება. ''ორბი ჯგუფს'' ყაზბეგი თაუერის აშენება უკვე წლებია სურს, თუმცა როგორ მოიპოვა კომპანიამ ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ მშენებლობის ნებართვა უცნობია. "მთავარ არხს" თბილისის ოფისში არავინ დახვდა, კომპანიის დირექტორმა კი დღეს ინტერვიუზე უარი განაცხადა.

დედაქალაქის მერი პროექტში პრობლემას ვერ ხედავს. კახი კალაძე ამბობს, რომ პროექტი მისმა წინამორბედმა დაამტკიცა, სამშენებლო ნებართვა კი უპრობლემოდ გასცა. 

მთავრობა ფავორიტ კომპანიებზე ნებართვებს წლებია დაუფიქრებლად გასცემს. ტერიტორიზე, სადაც 20 თვეში, ორი ცათამბრჯენი აშენდება წესით ბეტონის კორპუსების ნაცვლად ახალი ხეები უნდა ირგვებოდეს. რატომ არ აასრულა სასამართლო გადაწყვეტილება მთავრობამ, გაურკვეველია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი