საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ორი დღის წინ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები, გოგა მეტრეველი და რომან გოჩაშვილი გადასცეს.
მათ არარსებული საზღვარი ერგნეთის საგუშაგოს გავლით, ცოტა ხნის წინ გადმოკვეთეს. როგორც "მთავარს" სუს-ში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, საოკუპაციო ძალებთან ინტენსიური მუშაობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი "ცხელი ხაზის" გამოყენებით მიმდინარეობდა. პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტები საქართველოს 4 მოქალაქეს დაედევნენ. ოკუპანტებმა 2 მათგანის აყვანა მოახერხეს, ერთმა გაქცევა მოასწრო, ერთი კი ხევში გადავარდა და დაშავდა.