26 მომხრე და 2 წინააღმდეგი - ქარელის საკრებულომ სოფელ რუისის 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი უსასყიდლოდ, ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.
კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" არ მიიღეს.
ეკონომიკის სამინისტროს ხელით რუისის საბავშვო მოედანს გადაცემენ და იტაცებენ იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსური ვნებები დაიკმაყოფილონ. ამას გადაცემენ კომპანიას, რომლის უკანაც რუსული კომპანიები დგანან... ჯერ მცოცავი და ახლა ფინანსური ოკუპაცია იწყება ქარელის რაიონში, - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ზურაბ ლომიამ.
საკრებულოს გადაწყვეტილებას რუისელების უკმაყოფილება მოჰყვა, რასაც ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა შეურაცხმყოფელი განცხადებებით უპასუხა.
რუსულ კომპანიას არ არის გადაცემული, ქართველი მეპატრონეები არიან, ქართული ხელმძღვანელობა ჰყავთ, იმის იქით არ ვიცი, ვისი ინტერესი დგას, - განაცხადა მერმა.
რუისელებს სოლიდარობა გამოუცხადეს "ძალა ერთობაშიას" წევრებმა, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
რუისელების ინტერესებისდამცველი გადაწყვეტილებას ხაშურის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრებს. საკრებულოს გადაწყვეტილებამდე საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. ადგილობრივებისთვის „ოცნების“ განზრახვა მიუღებელია, რომელიც სპორტული კომპლექსის ტერიტორიის ჯერ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო შემდეგ რუსულ კომპანია „ბიგ სერვისისთვის“ გადაცემას გულისხმობს.