თბილისობის ღონისძიება გაუქმდა, თანხა ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისობის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდება. 

როგორც კალაძე Facebook-ზე წერს, თანხა, რომელიც ღონისძიების ჩასატარებლად იყო გამოყოფილი, ბათუმში, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება.

"ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.

დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში", - წერს კალაძე Facebook-ზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა.

უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ​მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის ქალი დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის, ნანგრევებში ჯამში 7 ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 3 ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი