ეკლესია მოსახლეობის ნდობას დრამატულად კარგავს - საპატრიარქო დუმს, სასულიერო პირების ნაწილი კი ნეგატიური განწყობის ზრდას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

ყველაზე გავლენიანი ქართული ინსტიტუცია ნდობას ყველაზე დრამატულად კარგავს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეკლესიის რეიტინგი 14 პროცენტით დაეცა. ნდობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მართლმადიდებლურ ეკლესიას არასდროს ჰქონია.

მამა ანდრია სარია ფიქრობს, რომ ეკლესიას ნდობა იმ მოვლენების გამო ეკარგება, რომელიც საპატრიარქოს შიგნით ხდება. უსამართლობა და უკანონო ქმედებები ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმსახურისთვის მთავარი განმსაზღვრელი აღმოჩნდა. 

დღეს ეკლესიის დაკარგულ რეიტინგზე დუმდა საპატრიარქო და მღვდელმთავრები, ღიად საუბარი მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირმა გაბედა. მამა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრობლემა საპატრიარქომ შიგნით უნდა ეძებოს.

ეკლესიას მოსალოდნელ საფრთხეზე, დიდი ხანია აფრთხილებს მეუფე პეტრე, ჯერ კიდევ ჭყონდიდის ეპარქიის მეთაურობის დროს წმინდა სინოდის წევრი გადაუდებელ რეფორმებს ითხოვდა, ყველაფერი მღვდელმთავრის დასჯით დასრულდა. 

გამოკითხვა, სადაც  ეკლესიის რეიტინგის დრამატული ვარდა გამოჩნდა, სწორედ წმინდა სინოდის სკანდალურ სხდომის შემდეგ ჩატარდა. მღვდელმთავარი ეკლესიის მიმართ ნეგატიური განწყობის ზრდას ვარაუდობს, თუ წმენდა არ დაიწყება. 

2015 წელს ეკლესიის საქმიანობას დადებითად საქართველოს მოსახლეობის 75% აფასებდა, ოთხ წელიწადში საპატრიარქომ 25% დაკარგა, ყველაზე მეტი ბოლო ექვს თვეში. ეკლესიის მიმართ მხოლოდ ხალხის ნდობა არ მცირდება. იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვიც, რომელიც საპატრიარქოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს. 2015 წელს მხოლოდ 2 პროცენტს არ მოსწონს ეკლესიის საქმიანობა, დღეს ასეთი უკვე 12-ია. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო წლების კვლევები აჩვენებს, რომ ეკლესიის რეიტინგის ვარდნა შეუქცევადი გახდა. სასულიერო პირებმა, ვინც ქართულ ეკლესიაზე იძულების წესით თქვა უარი და ბერძნულ ეკლესიას შეუერთდა ამბობენ, რომ მწვავე პრობლემაზე ნულოვანი რეაგირება უკუშედეგს იძლევა. 

2012 წლამდე ეკლესიის რეიტინგი 90 პროცენტზე მეტი იყო და ინსტიტუციების რეიტინგში ლიდერობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი