ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულის ძმა ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა 4-მა ვ.ო.-ს 28 წლის თომას კენედის ძარცვა შესთავაზეს, თუმცა ბრალდებულმა ამაზე უარი თქვა.
დაკავებულის ძმის განმარტებით, ბრალდებულს შეთავაზება სერიოზულად არ მიუღია და შესაძლოა არც იცოდა, რომ შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია სამართალდამცველებისთვის უნდა მიეწოდებინა.
"გამოძიებიდან გამომდინარე ეწერა, რომ შეთავაზებული ჰქონდათ დაყაჩაღება და ჩემმა ძმამ უარი განაცხადა. ალბათ არ მიიღო ჩემმა ძმამ სერიოზულად და მაგას ეგონა, რომ ხუმრობით იყო, შესთავაზეს თუ არა მაგ დროს მოდიოდა ჩემი ძმა. ჩემმა ძმამ არც იცოდა, რომ სამართალდამცავებს უნდა აცნობოს ეს ინფორმაცია, რათა რეაგირება მოეხდინათ, შეიძლება არ იცოდა", - თქვა დაკავებულის ძმამ.
ტურისტის მკვლელობის საქმეზე კიდევ ოთხი პირია დაკავებული, გამოძიება მათ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ძარცვას ედავება. გორის რაიონულ სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე ამ წუთებში მსჯელობს.
დაცვის მხარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ბრალდების მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას გამოიყენებს, ისინი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შემთხვევა 7 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების თანახმად 4 პირი უცხოელ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. მოკლული ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის თომას კენედია. მომხდარზე შსს-მ 5 პირი გუშინ, 10 ოქტომბერს დააკავა.