"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ რეგიონებში ცოცხების აქციის გამართვის ბრძანება პარლამენტის დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან", დიტო სამხარაძემ გასცა.
გორში აქციის ორგანიზება წინა ხელისუფლების დროს პოლიციიდან კონტრაბანდის შემოტანისთვის გათავისუფლებულ ბესო გიორგაშვილს დაევალა, რომელიც ამ დროისთვის სპორტის ა(ა)იპ-შია დასაქმებული. გიორგაშვილმა უზრუნველყო ადამიანების მობილიზება ქარელიდან, კასპიდან და გორიდან.
აქციაზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ფარნა მახოხაშვილი, გორის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელი. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მახოხაშვილს კრიმინალური წარსული აქვს და მის წინააღმდეგ შსს-ში არაერთი საქმეა "თაროზე შემოდებული". პარტიაში აღნიშნავენ, რომ თუ მახოხაშვილი არ შეასრულებს დავალებას, გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.
ცოცხების აქციის კიდევ ერთი მონაწილეა ლევან ჯომარდაშვილი, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების დროს სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მან მაშველებს საკვები მოპარა, სამსახურიდან გაათავისუფლეს და ახლა მორჩილების გზით, თანამდებობაზე აღდგენას ცდილობს.
"საორგანიზაციო საქმეში ჩართული იყვნენ ადგილობრივი აიპების თანამშრომლები, ადამიანები, რომელთა ნაწილი კორუფიციაში იყო შემჩნეული, ნაწილი სხვადასხვა კრიმინალურ დანაშაულებში და მათ მოახდინეს აიპების და საბიუჯეტო დაწესებულები თანამშრომლობის მობილიზება ოპოზიციის წინააღმდეგ", - ამბობს გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ანა ბალიაშვილი.
ბრალდების მთავარი ადრესატი, ლევან ჯომარდაშვილი კითხვებს აგრესიით პასუხობს.
"აქციაში ვმონაწილეობდი და ვამაყობ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ვარ, სააკაშვილს გავუგზავნე ცოცხები. საკუთარი ნებით წამოვედი სამსახურიდან. სიცრუის მანქნები ხართ, თქვენ ხართ დემონები მეტი არაფერი", - თქვა ჯომარდაშვილმა.
რაც შეეხება მახოხაშვილს ის უარყოფს, რომ ცოცხების აქციაში დაპირებების სანაცვლოდ ჩაერთო.
ცნობისთვის, გარდა ა(ა)იპ-ებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისა, აქციაში ჩართული იყვნენ საჯაროო მოხელეების ოჯახის წევრებიც.