5 ივლისის მოძალადეების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება შეწყდა. საუბარია ძალადობრივი ჯგუფის იმ წევრებზე, რომლებსაც გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
ჯამში ადმინისტრაციული წესით საქმე აღძრული იყო 100-ზე მეტი პირის წინააღმდეგ. ირკვევა, რომ პირდაპირ ეთერში და ჩართული კამერების წინ ჩადენილი სამართალდარღვევების დასამტკიცებლად პოლიციამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება.
5 ივლისს "თბილისი პრაიდის" კვირეული ფარგლებში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიება გაუქმდა. მის გაუქმებას წინ უძღოდა აქცია რუსთაველზე, რა დროსაც, ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა პარლამენტთან გაშლილი ოპოზიციის კარვები დაარბიეს და ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს.
ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.