სპეცრაზმი სამეგრელოშიც ამ დრომდე მობილიზებულია | ღამის განმავლობაში მზადყოფნაში იყო სენაკის ბაზის ასეული

გამოქვეყნდა:

მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმული რეჟიმი მოქმედებდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის მეორე სამმართველოში. სამართალდამცველების ნაწილი იქ სახლებიდან გამოიძახეს და სრული ეკიპირებით მზადყოფნაში ჰყავდათ.

თანამშრომლების ნაწილი ამ დრომდე მობილიზებულია, ნაწილი სახლში გაუშვეს და უთხრეს, რომ ეკიპირებით სახლში მზადყოფნაში ყოფილიყვნენ. მათ სავარაუდოდ, გორის მიმართულებით მოუწევდათ გადაადგილება. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მზადყოფნაში იყო სენაკის სამხედრო ბაზის ასეულიც, თუმცა ჯარისკაცებს ბაზის ტერიტორია არ დაუტოვებიათ და დილით სახლებში გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლის მიზეზი არც მათთვის განუმარტავთ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო, რომ ოპოზიციურად განწყობილი ყოფილი ძალოვნები, რომლებიც არჩევნებში არიან ჩართული, სპეცოპერაციის დროს დაეკავებინათ. ისევე, როგორც ხობში ლექსო რაფავას შემთხვევაში მოხდა. გარდა ამისა, ჩხრეკა მოხდა რუსლან ჩომახიას სახლშიც. 

"ყველა არჩევნების წინ ამათ ელანდებათ სახელმწიფო გადატრიალებები. ელანდებათ და ახსენდებათ, რომ გარეჯი საქართველოა, ყოველთვის აგორებენ აი ასეთ ბინძურ თემებს იმისთვის, რომ არჩევნები მოიგონ, მაგრამ ხალხი უკვე გამოფხიზლდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმეც ისე ჩაუფლავდებთ, როგორც ჩაუფლავდათ საბურავების საქმე, ივერი მელაშვილის საქმე, სახელმწიფო გადატრიალების საქმეები და ა.შ.", - ამბობს კობა ნაყოფია. 

კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი სამეგრელოში, პარტია "ლელოს" წევრი, თამარ ბელქანია, ხელისუფლების ორ მთავარ მიზანზე ამახვილებს ყურადღებას: "პირველი თადარიგის ოფიცრები დააშინონ და მოხდეს ჩახსნა მათ საარჩევნო პროცესებიდან და მეორე ცდილობენ, სამეგრელო დააშინონ და მოსახლეობას უთხრან, ხელისუფლება გვიჭირავს ხელში. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი ინფორმაციას მიაწვდიან დიპლომატიურ კორპუსსა და ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ ხელისუფლების გადაწყვეტილება. 

ავტორი: ემა გოგოხია

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი