თაღლითობა ხელისუფლების მფარველობით და ამომრჩევლის მოსყიდვა ნაძარცვი მილიონებით

გამოქვეყნდა:

აფინანსებს თუ არა "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას უცხოელებისგან მოპარული მილიონებით? - საქართველოში ისევ ყვავის ე.წ. "ფიშინგი" ანუ უცხო ენების მცოდნე ქართველი ახალგაზრდების დახმარებით უცხოეთის მოქალაქეების მოტყუება და ძარცვა. 

ჩვენს ქვეყანაში სოკოებივით მრავლდება თაღლითური სააგენტოები, რომლებიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - გამოსძალონ უცხოელებს ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების, საკრედიტო ბარათების, დანაზოგების შესახებ და შემდეგ მოპარონ მათ უზარმაზარი თანხები - ჯამში, საბოლოოდ, საუბარია მილიონებზე.

და ეს კიბერ-დანაშაული საქართველოში ყვავის იმიტომ, რომ მას ხელისუფლება მფარველობს. მფარველობს და თვითონაც ინაწილებს ამ მილიონებს. მფარველობს და როგორც ჩანს, ამ ფულს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლადაც იყენებს. 

ჩვენი სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ამ "ბიზნესთან", გვეუბნება, რომ სწორედ ამ ნაძარცვი მილიონებით ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და მოსასყიდად გამოყენებული თანხების თვალშისაცემი ზრდა.

უამრავი ახალგაზრდაა ჩათრეული ამ დანაშაულში, შესაძლოა, თქვენი შვილებიც, მეგობრებიც - ისინი სხვა ქვეყნების მოქალაქეთა გაუბედურების ხარჯზე იღებენ ანაზღაურებას. მათ შორის, ძალიან ხშირად აუბედურებენ მოხუცებულ ადამიანებს, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვებ დანაზოგებს ერთ წამში პარავენ.

საქართველოს ხელისუფლება კი არავის არ კიდებს ხელს, თუ თვითონ უცხოელები არ დაადგებიან თავზე და იძულებულს არ გახდიან, რეაგირება მოახდინონ. აქედანაც კარგად ჩანს, რომ ეს ძვირადღირებული თაღლითობა სწორედ ხელისუფლების საფარქვეშ ყვავის. 

თქვენ ახლა ასევე ნახავთ გაჭირვებულ ადამიანს სამეგრელოდან, რომელიც თაღლითებმა ბანკიდან დიდძალი თანხების გამოსატანად გამოიყენეს და მასაც ცხოვრება დაუნგრიეს - ეს ადამიანი ციხეში მოხვდა, სადაც მისი ჯანმრთელობა ისე დამძიმდა, რომ ის, შესაძლოა, ვეღარც განიკურნოს და ამ ამბავს შეეწიროს.

რაც მთავარია, ნამდვილი დამნაშავეები, რომლებმაც ის ნაძარცვი ფულის ბანკიდან გამოსატანად გამოიყენეს, ისევ თავისუფლები არიან - მათი ვინაობაც კი არავის დაუდგენია და შესაბამისად, ბრალიც არცერთისთვის წარუდგენიათ. ერთადერთი დამნაშავე გაჭირვებული მღებავი აღმოჩნდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი