"გაცდენები გაუბათილდებათ, კომფორტული იქნება სწავლის პროცესი"... | "ოცნების" აქციაზე მისვლის სანაცვლოდ, სტუდენტებს პრივილეგიებს პირდებიან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ხვალინდელი საპროტესტო აქციისთვის ემზადება და ყველა ბერკეტს იყენებს, რომ აქციაზე რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მივიდეს. მმართველი გუნდის მთავარი სამიზნე გახდნენ სტუდენტები, რომლებსაც ლექტორები საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ, სანაცვლოდ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში პრივილეგირებულ საუნივერსიტეტო წლებს ჰპირდებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ დირექტივები პირდაპირ ლექტორებისგან მიიღეს. 

სტუდენტი ამბობს, რომ "უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს ეუბნება, რომ თუ ისინი დაანონსებულ აქციაზე მივლენ, პრივილეგიებით ისარგებლებენ: გაცდენები გაუბათილდებათ, მათთვის კომფორტული იქნება სწავლის პროცესი. 

"სხვა ჯგუფის ბავშვებისგან გავიგე, რომ აქციაზე თუ მივიყვან 10 კაცს ხელფასს მომცემენ ამაშიო. ხვალინდელ აქციაზე. ჩემხელა ტიპმა მითხრა კიდევ, რომ თუ მიყვან 10 კაცსო ხელფასს მომცემენო თუ რაღაც ასეთი",- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. 

აღსანიშნავია, რომ  ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

"ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი იყო მისული თავისუფლების მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგზე. როგორც წარმოგიდგენიან 21-ე საუკუნეში წავიდნენ იქ, სადაც არ მოსწონთ?",- ამბობს დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ოფისებიდან, სავარაუდოდ, ნომრების ბაზიდან ადამიანებს უკავშირდებოდნენ და აქციაში მონაწილეობას სთხოვდნენ. 

"ტელეფონით დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ "ოცნების" ოფისიდან იყვნენ და მეპატიჟებოდნენ ხვალინდელ აქციაზე. საიდან დამიკავშირდნენ მე, რომელიც არც რომელი პარტიის აქტივისტი არ ვყოფილვარ... ეს დაპატიჟება და მოწვევა იყო უცნაური ფორმა და როცა დავპოსტე დამიწერეს, რომ მეც დამირეკეს, ალბათ, არის ასეთი შემთხვევები",- ამბობს მარიამ გულბიანი, რეჟისორი. 

ცნობისთვის, ხვალ 27 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დააანონსა. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი