მეუფე პეტრე შესაძლოა განკვეთონ - სინოდი დიდი სხდომისთვის ემზადება. ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის თქმით, თუკი მეუფე პეტრეს მიერ საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, სინოდი შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ეკლესიას აქვს თავის სამართალი. სამართლის კოდექსი რასაც დაადგენს ის იქნება სამართალი ჩვენი საეკლესიო. აქ მხარს დაუჭერ-არ დაუჭერ, ეს არჩევანი არ არსებობს. არსებობს სამართალი. თუ იმ სამართლით დადგინდა, რომ დამნაშავეა, შესაბამისად, საეკლესიო კანონებით განისჯება. ეს კანონები ჩემი მოგონილი არ არის. ეს კანონები შვიდივე მსოფლიო კრების დადგენილია. მას ურჩიეს ცოტა ხანი განმარტოვდი მონასტერში, დამშვიდი და გონს მოეგეო, - ამბობს მეუფე იოანე.
შეკითხვამ, რომელიც მეუფე პეტრეს მიმართ შესაძლო ვერდიქტს ეხებოდა, მეუფე იაკობის გაღიზიანება გამოიწვია. მღვდელმსახურის თქმით, მეუფე პეტრე და სხვა სასულიერო პირებიც საკუთარ თავებს არასათანადო ქმედებით თავად ისჯიან.
დღეს ვსაუბრობთ წესიერ თემებზე, მასეთ ცუდ თემებზე არ ვსაუბრობთ. დაელოდეთ სინოდს და ყველაფერს ნახავთ. წინა სინოდზე რომ შევდიოდი, ხომ გადასცემდნენ ჩემზე, რომ მეუფე იაკობის საკითხი უნდა დაისვასო და მე სამართლიანად მივიღე, რაც მივიღე, ხომ? მაგრამ ვისზეც არ ფიქრობდნენ, ხომ ნახეთ იმას რა დაემართა, რა ფორმით გამოვიდა გარეთაც. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, თორემ ღმერთი კი არ სჯით, არც ჩვენ ვსჯით, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
სინოდის სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.