მღვდელმთავრები დიდი სამსჯავროსთვის იკრიბებიან - შესაძლოა, სინოდის წევრებმა შეკრება საგანგებო რეჟიმში გამართონ და საკუთარი წევრის განკვეთის საკითხზე იმსჯელონ.
მეუფე პეტრეს ირგვლივ ჯერ ერთადერთი დეტალია ცნობილი, მღვდელმთავარმა დანიელმა დღეს ღიად თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის მიმართ სინოდის ერთსულოვანი იქნება.
მეუფე პეტრესთვის მღვდელმთავრის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი ბოდბის მიტროპოლიტმა წამოჭრა, საპატრიარქოს შიგნით არსებულ უკანონობაზე ღიად საუბრის გამო მეუფე იაკობი გაბრაზდა და სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს განკვეთით დაემუქრა. დღეს ბოდბის საკათედრო ტაძარში მღვდელმთავარმა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველზე საუბარი არ ისურვა, თუმცა ბოლოს მაინც აღიარა, რომ შესაძლოა, სინოდის სხდომაზე სხვა სასულიერო პირის განკვეთის საკითხიც დადგეს.
სინოდის სხდომა გადაწყვეტილების მიღებას საეკლესიო კანონმდებლობის საფუძველზე გეგმავს. პრორუსული განცხადებებით ცნობილი გაენათელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ მეუფე პეტრეს საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად დრო პატრიარქმა მისცა, თუმცა არ გამოიყენა. ახლა კი სასულიერო პირები საბოლოოდ გამოიტანენ ვერდიქტს, რომელიც რჯულის კანონით განისაზღვრება.
რადიკალურად განსხვავებულია თეოლოგების პოზიცია. სინოდის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათი შეფასებით არალეგიტიმური იქნება. თუკი მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსს საბოლოოდ ჩამოართმევენ, სპეციალისტების თქმით სინოდი ხელს დიდ დანაშაულს მოაწერს.