საეკლესიო ძალადობა - სალხინოს მონასტერში დღეს ჭყონდიდელის ბრძანებით სპეცოპერაცია ჩატარდა. მეუფე სტეფანემ მხოლოდ პოლიციის, ჩოხოსნებისა და კუნთმაგარი სპორტსმენების დახმარებით შეძლო განდგომილ ბერებთან დაკავშირებული პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა.
ჭყონდიდელი თავს იმით იმართლებს, რომ ბერების გამოძევების უფლება მას საპატრიარქომ მისცა.
ახლა სასულიერო პირებისთვის მონასტრის კარი დახურულია და მრევლი, რომელიც დღეს მღვდლებს თავს დაესხა მონასტრის კარს დარაჯობს, რომ შიგნით არავინ შეუშვას.
ცაგერიდან საგანგებოდ ჩაყვანილი ჩოხოსნები და სპორტსმენები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მათ მარნის კარი შეამტვრიეს და ტერიტორიის დათვალიერება ასე დაიწყეს, მოგვიანებით კი ისინი მამათა კელიებში გამაგრდნენ. ეპარქიას მთელი დღის განმავლობაში, ჩოხოსნებთან ერთად პოლიცია აკონტროლებდა.
საპატრიარქოდან საგანგებო მისიით ჩასულ ადამიანებს მონასტერში აღწერის ჩატარება დაევალათ. ახლა გაძევებული სასულიერო პირების პირადი ნივთებიც დალუქულია.
სასულიერო პირების ნაწილმა კი მარტვილის პოლიცია 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. კელიებიდან ძალით გამოძევებული მამები ამბობენ, რომ სამართალდამცველები მათგან მომხდარის შესახებ ხელწერილის დაწერას ითხოვდნენ.
დღის ბოლოს მეუფე სტეფანემ, საგანგებო ბრიფინგი გამართა იმის სათქმელად, რომ მოძალადეები ის სასულიერო პირები არიან, ვინც დღეს კელიებიდან, მისი მტკიცებით საპატრიარქოს წერილის საფუძველზე გამოაძევეს.
მეუფე სტეფანეს მრევლი მორიგეობის გამოცხადებას გეგმავს იმისთვის, რომ სასულიერო პირები ტაძრის ტერიტორიაზე ვერ შევიდნენ.
ავტორი: ემა გოგოხია