ადამიანებს, რომლებიც პირბადის ტარების წესს დაარღვევენ და დახურულ საჯარო სივრცეში სამედიცინო ნიღბის გარეშე იმოძრავებენ, 100 ლარამდე ჯარიმა დაემუქრებათ - პარლამენტი ახალ ჯარიმებზე იწყებს მუშაობას.
შესაბამის კანონპროექტს უმრავლესობის დეპუტატები ახლა წერენ, თუმცა შენიშვნები ამ კონონთან დაკავშირებით ოპოზიციაში უკვე არსებობს.
ყველა ის აკრძალვა, რომელიც იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად ირღვეოდა მთავრობის წევრების მხრიდან. გვეუბნებოდნენ, რომ მანქანაში წინ ჯდომა არ შეიძლება და მთელი მინისტრები წინ ისხდნენ. ამ მთავრობის პირობებში ყველაფერი ხდება შერჩევითად, ამიტომ მათი მოწოდებული რეკომენდაციები ყოველთვის დიდი ეჭვის საფუძველს იძლევა, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შესაბამისი იმ მძიმე სოციალურ ფონთან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი კოვიდინფექციის გამო.
ძნელი სათქმელია, რამდენად ადეკვატური არის და 100 ლარიანი ჯარიმა ბევრია თუ ცოტაა, რადგან არ ვიცით, დარღვევების რაოდენობა როგორი იქნება. ზოგადად, რომ პირბადეები ტარება მნიშვნელოვანია და ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა, შესაბამისად, ჯარიმაც უნდა არსებობდეს, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ის ჯარიმები, რომლებიც აქამდე იყო დაწერილი, 3000 ლარიანი დაწერილი, რომელსაც მოსახლეობა ფიზიკურად ვერ გადაიხდის, ისინი უნდა იყოს დროულად ჩამოწერილი, - ამბობს "ევროპული საქართველო - რეგიონების" ფრაქციის წევრი სერგი კაპანაძე.
მმართველ გუნდში ჯარიმის ოდენობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რადგან, მათი თქმით, კანონპროექტი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. რამდენიმე დღის წინ არჩილ თალაკვაძებ ბიუროს სხდომაზე მოუწოდა იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტებს, რომ ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში იქნას განხილული. ჩვენი ინფორმაციით, კანონპროექტი რამდენიმე დღეში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განსახილველად გავა.