ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან ჩემი გაიგივება სრული აბსურდია - დავით ქაცარავა სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება

გამოქვეყნდა:

დავით ქაცარავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს დამფუძნებელი სუს-ში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. საქმეზე გამოძიება ეროვნული შუღლის გაღვივების მუხლით არის აღძრული. 

ქაცარავას ვარაუდით, ხელისუფლება მასზე ზეწოლას ცდილობს, რასაც კიდევ ერთი საქმე ადასტურებს, რომელიც მის წინააღდეგ არის აღძრული. ქაცარავას თქმით, დავით გარეჯის თემა, რომელთან დაკავშირებთაც ის სუს-ში დაიბარეს, ხელოვნურად არის შეთხზული. 

იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აწარმოებს დევნას ჩემ წინააღმდეგ და ის საქმე, რომელიც წარმოებაში არის, თეთრი ძაფებითაა შეკერილი, სადაც ოთხი ადამიანი თავს დამესხა და იქ ბრალდებულად მე აღმოვჩნდი, ის საქმე მართლაც სასაცილოა და იქ ძალიან უჭირს ხელისუფლებას, რომ როგორღაც მებრძოლოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს თემა, გარეჯის თემა არის ახალი შეთხზული. ჩემი დაბარება სუს-ში და ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან ჩემი გაიგივება სრული აბსურდია და მორიგი მცდელობა, რომ ახალი, თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე დაიწყოს ხელისუფლებამ ჩემ წინააღდეგ, - ამბობს ქაცარავა.

დავით ქაცარავას უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს დამფუძნებლის საქმიანობის შეჩერებას ცდილობს. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ქაცარავა სამომავლოდ უკვე ბრალდებულის სტატუსით დაკითხონ. 

თითქოსდა ეროვნულ შუღლს ედავებიან, მაგრამ ცდილობენ ბატონი დავითის საქმიანობის შეჩერებას. ის, რაც ხელისუფლებამ უნდა  გააკეთოს, ჩვენმა ჯარმა და ა.შ. აკეთებს ბატონი დავითი და იმის მაგივრად, რომ ღირსების ორდენით დააჯილდოვონ ეს ადამიანი, პირიქით, მოწმის სახით კითხავენ და ეს, მოწმის სახით რაზეც კითხავენ, ისიც გასარკვევია, თავიდან მოწმის სახით კითხავენ ხოლმე, ზოგადად, შემდეგ ბრალდებულის, - ამბობს ადვოკატი ია სირანაშვილი.

ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საქმე ეხება ქვემო ქართლში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნას უკავშირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი