ოზურგეთის მედალფას კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზეოლოგიის სამსახურის უფროსი ლევან გოგუაძე სამსახურიდან დღეს დაითხოვეს.
გოგუაძის თქმით, ის სამსახურიდან თბილისში გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის დასაჯეს.
“წავედი თბილისში და აქციაზე ვითხოვდი მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ კლინიკაში გადაყვანას. მიმაჩნია, რომ ამ მოთხოვნის მხარდაჭერა საქართველოს ყველა მოქალაქის, მითუმეტეს ექიმის ვალდებულებაა. როცა, ოზურგეთში ჩამოვედი დღეს მითხრეს, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული ვარ და გადმომცეს ბრძანება, ჩემი გათავისუფლების შესახებ. სადაც მოტივად ექვსი ჩამოთვლილი, მათ შორის ერთ-ერთი არის, ის რომ მე ინტერვიუ მივეცი "მთავარ არხს."- ამბობს გოგუაძე.
"მედალფას" დირექტორი, დავით მდინარაძე აცხადებს, რომ აქციაზე წასვლით, ექიმმა უმძიმეს ავადმყოფებს საფრთხე შეუქმნა:
"ბატონი ლევანი 5 ნოემბერს წავიდა თბილისში. რვაში ის არ გამოცხადდა მორიგეობაზე. რითაც საფრთხე შეუქმნა უმძიმეს ავადმყოფებს. გამოცხადდა დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, ყველაფერს აქვს მისი წესი. მან საქმის კურსში არ ჩაგვაყენა ჩვენ, რომ თბილისში მიდიოდა. სწორედ ეს გახდა ამის საფუძველი" - ამბობს დავით მდინარაძე