რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად მებრძოლ სამოქალაქო აქტივისტს სუსი ავიწროვებს. დავით ქაცარავა დღეს, ორი საათის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა.
დაკითხვის ბოლოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს, მაგრამ ცნობილია, რომ სუსი, ძირითადად, დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენებით იყო დაინტერესებული. სავარაუდოდ, ქაცარავას შეახსენეს, რომ მასზე უსაფრთხოების სამსახურში სხვა საქმეც არის აღძრული.
ქაცარავა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას უნდა, მან ხმამაღალი მოწოდებები რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით აღარ გააკეთოს, თუმცა, მისი თქმით, ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილება და არჩეული კურსით მოქმედებას განაგრძობს.
მე მივიღე ეს გაფრთხილება იმ პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას, რომელიც არის კოლაბორაციაში მთავარ მტერთან, რუსეთთან. გაფრთხილების მიუხედავად, ვაგრძელებ ისევე მოქმედებას, როგორც აქამდე, - აცხადებს დავით ქაცარავა.
გამოკითხვის ერთადერთი თემა დავით გარეჯი იყო, მისი ბოლოდროინდელი აქტივობა სწორედ დავით გარეჯს უკავშირდებოდა. სუს-მა მიიჩნია, რომ ქაცარავას ქმედება შუღლის გაღვივების მცდელობა იყო.