ცხოვრება ქვეწარმავლებთან ერთად და უმძიმესი ყოფა - ზუგდიდში დევნილები ბინების შერჩევით განაწილებაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

უმძიმესი ყოფა და ხმაური ზუგდიდში - მე-4 დღეა დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ ერთადერთი მოთხოვნით, გადაეცეთ ბინები. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი დანგრევის პირასაა, არ აქვს კარები, ფანჯარა, იატაკი, არ არის სველი წერტილები, წყალი და ზოგიერთ მიტოვებულ შენობაში არც შუქი. ამბობენ, რომ ცხოვრობენ ოთახებში, რომელშიც ყოველდღიურად ქვეწარმავლებს იჭერენ. ამის საჩვენებლად კი ეს ქვეწარმავლები მათ ქილებით, კომისიის წევრებისთვის საჩვენებლად მიიტანეს.

კომისიამ კი ამ ფონზე, უკვე რამდენიმე დღეა ბინების გაცემის პროცესი დაიწყო, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, არასამართლიანად. 

მათი თქმით, საცხოვრებლებით აკმაყოფილებენ იმათ, ვისთანაც "ქართული ოცნება" არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ ვალშია. კერძოდ, საუბარია პარტაქტივსა და ადამიანებზე, რომლებიც მმართველ გუნდს რეგიონში ხმების მოპოვებასა და ოპოზიციონერი ამომრჩევლებისთვის პირადობების ჩამორთმევაში დაეხმარა.  

კომისია, რომელმაც საცხოვრებელი ბინები გაანაწილა,  მოთხოვნებზე არ რეაგირებს. კომისიის წევრები საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ გადანაწილების პროცესში შესწავლის ეტაპზე დევნილები სახლში არ დახვდნენ. საუბარია დროებით საცხოვრებელზე, სადაც ეს ადამიანები 25 წელზე მეტია ცხოვრობენ. 

დევნილები პროტესტის ნიშნად დღეს იმ კორპუსში მივიდნენ, რომლის ბინებიც უნდა გაანაწილონ. ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული. 

მოსახლეობამ მწვავე პროტესტის შემდეგ, დაპირება მიიღო, რომ ორშაბათს ბინების განაწილების კომისიის წევრებს შეხვდებიან და პირადად მიაწვდიან საკუთარი მძიმე ყოფის შესახებ ინფორმაციას.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი