მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები უკიდურეს ზღვარზეა. ჯერ კიდევ გუშინ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრები კატეგორიული ტონით მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ნებისმიერი წუთი საბედისწერო გახდეს.
დასკვნა, რომელსაც ხელს გამოცდილი და გავლენიანი ექიმები აწერენ, უკიდურესად საგანგაშოა. მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესია დაწყებული და 49 დღის განმავლობაში მოშიმშილე პრეზიდენტის სიცოცხლე სასწორზე დევს.
ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კვალიფიციური სამედიცინო დახმარებაა, რომელსაც გლდანის სამედიცინო პუნქტი ვერ უზრუნველყოფს
თავის ტვინის მრავლობითი ქსოვილის დაზიანების ნიშნები, კალიუმის მწვავე ნაკლებობა, ჰემოგლობინის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ნიშნები, სამედიცინო ექსპერტების და სახალხო დამცველის ერთობლივი დასკვნიდან ეს მცირე ნაწილი გუშინ უკვე იმაზე მიუთითებდა რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა.