აზარტულ თამაშებში ყოველ წელს სულ უფრო მეტი არასრულწლოვანი ერთვება. მოზარდების ასეთი პროცესი ფსიქოლოგიური პრობლემების რისკს ზრდის და ხშირ შემთხვევაში სუიციდით სრულდება. უკონტროლოა ბიზნესი, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს მთავარ სოციალურ პრობლემად იქცა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა.
სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოზარდებისთვის ფსიქოლოგის ცხელი ხაზი აამოქმედეს, თუმცა საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ფორმალურია და შედეგს ვერ გამოიღებს.
გაეროს ბავშვთა ფონდი ამბობენ, რომ საქართველოში არ არის ისეთი კვლევა ჩატარებული, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება იმ ბავშვების ზუსტი რაოდენობა, ვინც აზარტულ თამაშშია ჩართული.
აზარტული თამაშების წინააღმდეგ ერთი წლის წინ შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "არ ითამაშო" . როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ამბობს, ყოველდღე მათთან არაერთი არასრულწლოვანის მშობელი მიდის, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.
აზარტული თამაშების წინააღმდეგ ანა დოლიძემ არაერთი კამპანია და პეტიცია შექმნა. დოლიძე ონლაინ კაზინოებში მოზარდების ჩართულობის მზარდ სტატისტიკას კორონაკრიზისს უკავშირებს.
სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ კი მხოლოდ ფსიქოლოგის კონსულტაციის შეთავაზებით შემოიფარგლება.