ბადრაგის თანამშრომლების კორუფციული გარიგება კრიმინალურ სამყაროსთან | როგორ მდიდრდებიან ციხეში

გამოქვეყნდა:

საგურამოში, მილიონერების დასახლებაში, პრესტიჟული სასახლის პარტრონი, არც მეტი არც ნაკლები, გლდანის ციხეების გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს უფროსია. მურთაზ გიგლემიანმა, მდიდრული საცხოვრებელი სახლი 2020 წლის 23 იანვარს იყიდა. მიწის საერთო ფართობი 2 500 კვადრატული მეტრია. ამ დასახლებაში 1 კვადრატული მეტრი მიწა მინიმუმ 70 დოლარი ღირს, შესაბამისად გიგლემიანს მხოლოდ მიწის ნაკვეთის შესაძენად სულ მცირე 175 000 დოლარი დასჭირდებოდა. სახლი 3 სართულიანია, საერთო ფართობი კი 915 კვადრაული მეტრია. სასახლეს სამი დამხმარე შენობა ნაგებობა აქვს, ერთ-ერთი კი აუზია. რემონტი თითქმის დასრულებულია, ახალი მეზობლის შესახებ აქაურებმა ჯერ არაფერი იციან.

მურთაზ გიგლემიანმა სავალდებულო დეკლარაცია ბოლოს 2019 წელს შეავსო. საიდანაც ირკვევა, რომ  ქონების დაგროვება საბადრაგო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან დაიწყო. საცხოვრებელი ბინები თბილისში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე, გახოკიძის 62-ში, თაყაიშვილის 37-ში, ევდოშვილის 18-სა და კომერციული ფართი ყაზბეგის გამზირზე. ქონების დიდი ნაწილი ცოლის სახელზეა გაფორმებული.  ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ოჯახში ერთადერთი მარჩენალი მურთაზ გიგლემიანია, რომლის წლიური შემოსავალიც, დეკლარაციის მიხედვით, 60 138 ლარს არ აღემატება.

კითხვაზე, როგორ ახერხებს ამ შემოსავლით ბადრაგის სამსახურის უფროსი მილიონებად შეფასებული ქონების შეძენას - ანონიმური წყარო ციხიდან მხოლოდ წერილობით გვპასუხობს.

"ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ციხეში მაყურებლებისა და კანონიერი ქურდების გავლენა აღდგა. პატიმრებს და სიტუაციასაც რეალურად ისინი მართავენ - ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. მაგალითად, თუ პატიმრებს შორის რამე მოსაგვარებელია და ამ საქმეს მაყურებელი სჭირდება, ეტყვიან ბადრაგს, რომელსაც ჩუმად მიჰყავს ეს პატიმარი მაყურებელთან, ციხეში ამავე ბადრაგების დახმარებით შესაძლებელია საჭირო ნივთების შეტანა ან გარეშე პირების შეყვანა.

დიდ ფულთანაა დაკავირებული პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაც, ოღონდ ეს არალეგალურად ხდება. ამ ყველაფერში კი საბადრაგო სამსახურის ხელმძღვანელები დიდ ფულს იღებენ. მათ შორის მურთაზ გიგლემიანი, რომელიც თანამდებობაზე ოთახნახევრიანი ბინით მოვიდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი