სამების ტაძარი ბუნებრივი აირის გარეშეა - "თბილისი ენერჯი" დამატებით შეღავათებს არ გეგმავს

გამოქვეყნდა:

სამების ტაძარი ბუნებრივი აირის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც საპატრიარქომ კომუნალური გადასახადი არ გადაიხადა. „თბილისი ენერჯიმ“ გაზი მას შემდეგ ჩაჭრა, რაც სამი წლის დავალიანებამ 256 ათას ლარს გადააჭარბა.

არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა "ფეისბუქის" შიდა ჯგუფში მრევლს მოუწოდა, რომ მონასტერს თხევადი აირის ბალონებით დახმარებოდნენ.

სხვა სასულიერო პირები პრობლემაზე არ საუბრობენ, ასევე არ აქვთ პასუხი, ვის უნდა გადაეხადა კომუნალური გადასახადი. არქიმანდრიტი იოანე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც პრობლემაზე საუბარს არ ერიდება. პასუხისმგებლობას პირდაპირ საპატრიარქოს ვერ აკისრებს, მაგრამ ამბობს, რომ მონასტერი ამ რაოდენობის თანხის გადახდას უბრალო შესაწირით ვერ შეძლებს.

მრევლის იმედად დარჩენილი სასულიერო პირები დუმან, თუმცა საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მილიონობით დაფინანსების მქონე საპატრიარქო, როგორც ყველა რელიგიური ორგანიზაცია, ვალდებულია, კომუნალური ხარჯები დაფაროს.

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტში“ კი ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში, საპატრიარქოსა და ეკლესია-მონასტრების კომუნალური ხარჯების დაფარვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ხდება, რაც დამატებით გამოყოფილი ათიათასობით ლარია.

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ დღეს საპატრიარქოს წერილით უპასუხა, სადაც წერია, რომ სამების საკათედრო ტაძარს უკვე 256 652 ლარის ვალი დაუგროვდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, საპატრიარქო კომპანიას აიგნორებს. გადასახადი გადაუნაწილეს, თუმცა ამის მიუხედავად, თანხა არ გადაუხდიათ.

რატომ არ იხდის საპატრიარქო კომუნალურ გადასახადებს, უცნობია. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი „მთავარ არხთან“ საუბარზე უარს აცხადებს.

უცნობია, აპირებს თუ არა საპატრიარქო მრავალათასიანი დავალიანების დაფარვას. შესაბამისად, მონასტერში მცხოვრებმა სასულიერო პირებმა არ იციან, როდემდე მოუწევთ საკვების მომზადება მრევლის შემოწირული თხევადი გაზით.

„თბილისის ენერჯიში“ კი ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ სამების ტაძარი ჩვეულებრივ აბონენტად არის ფიქსირებული და მასზე შეღავათები არ გავრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი