10 ბინა თბილისში, საკურორტო ზონებსა და რეგიონებში - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის ქონება წლიდან წლამდე რეკორდულად იზრდება.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბექაური თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მილიონერი გახდა. მისი გამდიდრება კომისიაში საქმიანობის გარდა, ბიზნესსაც უკავშირდება. ქვეყნის მთავარი ცენზორი სუპერმარკეტების ქსელ "ორი ნაბიჯის", 33%-იანი წილის მფლობელია და მისი ოჯახი ყოველთვიურად ასი ათასობით ლარის მოგებას იღებს.
2020 წელს, პანდემიის დროს, როდესაც მოქალაქეებმა სამსახური დაკარგეს, ბექაურის ოჯახმა მხოლოდ ბიზნესიდან 4 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღო.
მარეგულირებელ კომისიაში დანიშვნამდე ბექაური 3 ბინას ფლობდა. დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონება თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გაიზარდა.
"2021 წლის დეკლარაციის მიხედვით მან შეიძინა ჯამში 300 000 დოლარის ქონება, რაც თითქმის 1 მილიონი ლარია. თუმცა 2012 წლის შემდეგ ამავე დეკლარაციის მიხედვით მისი ქონება ჯამში 4.5 მილიონით გაიზარდა, მათ შორის აგარაკებით, მიწის ნაკვეთებით, სახლებით, მანქანებითა და ძვირადღირებული იარაღებით",- ამბობს გიორგი კაპანაძე ენმ-ის წევრი.
ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ კახა ბექაური ანაზღაურებას ივანიშვილის დავალებების ზედმიწევნით კარგად შესრულებაში იღებს- "კომუნიკაციების კომისიას სოლიდური ანაზღაურება აქვს, 8 მილიონი წელიწადში არის რეგულირების გადასახადი და აქედან 7 მილიონს იღებენ ხელფასის სახით",- ამბობს დონაძე.
ბექაურის უწყების ბოლო სადამსჯელო ღონისძიება კვლავ "მთავარ არხს" უკავშირდება. კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული და დამოუკიდებელი ტელეკომპანია რეკორდულად დიდი თანხით, 112 000 ლარით დააჯარიმა.