დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან, რესტორნებისთვის დაწესებული საათობრივი შეზღუდვა იხსნება. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ობიექტებში მხოლოდ ის მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებსაც ე.წ. მწვანე სტატუსი ექნებათ.
მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულიად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად; თუ ადამიანს აქვს PCR ტესტი გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის და თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი, - თქვა მაშინ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
მწვანე სტატუსის წარდგენა საჭიროა: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.