ხმაური და დაპირისპირება ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო ჩვენება დღეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილმა მისცა. ალექსანდრე სუბელიანმა ღიად, პირველად ისაუბრა ე.წ. საპირფარეშოს ეპიზოდზე და მოყვა, რა იყო სისხლიანი დაპირისპირების წინაპირობა.
ე.წ. საპირფარეშოს ეპიზოდთან დაკავშირებით მირზა სუბელიანის შვილმა პირველად ღიად ისაუბრა მომხდართან დაკავშირებით. ალექსანდრე სუბელიანის თქმით, პირველად საპირფარეშოს ეპიზოდში მიხეილ კალანდია საერთოდ არ მონაწილეობდა. იქ იყვნენ მისი მეგობარი თემო ჩოგოვაძე, დათა ნიკოლაიშვილი და დაჩი ღლონტი, რომელმაც სათამაშო იარაღი ისროლა და სწორედ ამას მოყვა დაპირისპირება, საქმეში უკვე შემდეგ სარალიძე ჩაერია.
სუბელიანის თქმით, დაპირისპირების გამო მან მიხეილ კალანდიას მიმართა, ასევე გაკვეთილების შემდეგ მისვლა და დახმარება სთხოვა. მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირება შერიგებით დასრულდა, თუმცა, ბოლოს, დავით სარალიძეს და გიორგი ჯანაშიას შორის პატარა დაპირისპირებამ წარმოშვა კონფლიქტი, რაც ფატალურად დასრულდა.
სწორედ ამ ჩვენებას მოჰყვა ზაზა სარალიძის გაღიზიანება. მოკლული დავით სარალიძის მამამ სხდომათა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ხმაური დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. მის განცხადებებს კი კალანდიების ოჯახის წევრების გაღიზიანება მოჰყვა.
„გაგიკვირდათ ქორვაჭარი რომ ვეძახე? თავის შვილის სულს ყიდის ყოველდღე... ახლა დადის და სპექტაკლებს მიდგამს, უნიჭოს. ხელები მიბრახუნა, ხელები უბრახუნოს დედამისს და თავის შთამომავალს... მაგას მე კაცად არ ვთვლი“ - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.
მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ მისი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს აღარ მოითმენენ.
„რას ეძახის განაჩენს, იმას, რომ ამდენი ხანია, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, იმიტომ, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ და რაღაცებს ათქმევინებენ, ეს არის გარიგება... ამდენი ხანია, შეურაცხყოფას ვითმენთ ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რა თავმოყვარეობა არ გვაქვს, ჩვენ უბრალოდ პატივს ვცემდით ამდენი ხანი გარდაცვლილების შვილებს, ორი წელია, კალანდიები ჩუმად ვიყავით და გადაგვიარა ყველამ თავზე, ამას უკვე ბოლო მოეღო, დღეიდან ნახეთ, როგორ აფეთქდა ყველაფერი, დღეიდან გაეცემა ყველას პასუხი, როგორც სამართლებრივად და ყველა ადამიანი, ვინც ნებისმიერი სახით ჩვენი ოჯახის წინაშე დამნაშავე იყო, მაღალჩინოსნები იქნებიან, გამომძიებლები, უბრალო მოწმეები, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან ჩემი ძმის წინააღმდეგ და თუ საჭირო გახდება მოსამართლეც, რომლებმაც თუ დააბარეს და მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისიც პასუხს აგებს“, - განაცხადა კალანდიამ.