სასტიკი მოპყრობა ცხოველების მიმართ - ფულის გასაკეთებლად დაწერილი კანონპროექტი

გამოქვეყნდა:

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეოების რაოდენობა სოციალურ ქსელში სულ უფრო იზრდება. ვიდეოებს ხშირად თავად ამ ძალადობის ავტორები იღებენ და სოციალურ ქსელშიც ტვირთავენ, თუმცა სამართალდამცავების მხრიდან რიგ შემთხვევებში რეაგირება არ ხდება.

თბილისის მერიის ინიციატივით, ზუსტად ერთი წლის წინ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა. ცვლილებას იურიდიული ხარვეზები უნდა გამოესწორებინა.

ცხოველთა უფლებების დამცველები საუბრობენ, რომ ერთი წლის წინ დაპირებული კანონის გამკაცრება ისევ ცარიელი სიტყვებია და სამართალდამცავები მსგავს ფაქტებზე საერთოდ არ რეაგირებენ.

საქართველოში ცხოველების წამებას სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი არეგულირებს, რომელიც ფიქტიურად, მხოლოდ ქაღალდზე წერია და მისი აღსრულება არ ხდება.

2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა რვა შემთხვევაში დაიწყო, სასამართლომდე კი ხუთი საქმე მივიდა. გასულ წელს სასამართლომ მხოლოდ ოთხი საქმე განიხილა, აქედან ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ორ პირს კი 40 და 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის გარდა არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ცხოველების მოშენება-გამრავლების, მოვლა-პატრონობის თემებს დაარეგულირებდა. ასეთი კანონპროეტის შემუშავებაზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა რამდენიმე არასამთავრობოს წარმომადგენელთან ერთად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ისეთი პროექტი შექმნეს, რომ ათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლებია ამ საქმეს ემსახურება, მის წინააღმდეგ წავიდა.

არასამთავრობოები ღიად აცხადებენ, რომ კანონის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩარეული უცხო პირები, რომლებმაც ეს კანონი ისე შემოატრიალეს, რომ ის დიდი ფულის შოვნის წყარო გამხდარიყო, რაც პარტაქტივის დასაქმებასა და ხელფასებს მოხმარდებოდა.

ცხოველების უფლებების დამცველები ერთხმად საუბრობენ, რომ ქვეყანაში ცხოველების მოვლის მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა, საერთოდ ვერ კონტროლდება ქუჩის ძაღლების პოპულაცია და გამრავლება. ეს ქალაქზე მეტად ეტყობა რეგიონებს, სადაც უპატრონო ძაღლების რაოდენობა აღრიცხულიც კი არ არის და მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს.

ახლა ცხოველთა უფლებადამცველები არჩევნებს ელოდებიან, რომ პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ ისეთი კანონი მიიღოს, რომლითაც ცხოველებისა და ადამიანის უფლებებიც თანაბრად იქნება დაცული, მოძალადეები კი სათანადოდ დაისჯებიან.

 

ავტორი: ნინო ჟვანია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი