საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ოკუპანტების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ორი დღის წინ, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე საოკუპაციო ძალებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ინციდენტის დეტალები გაიხსენა და ყურადღება მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და ზეწოლაზე გაამახვილა.
რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ და სამკურნალოდ. გადავძვერი ღობეზე. ცხინვალში ტყის გავლით ფეხით ჩავედი. კაცამდე მანქანით მივედი. მერე ხუთი საათი ფეხით ვიარე და გზის პირას დამაკავეს. ჯერ ჯავის ციხეში ვიყავი, მერე მესაზღვრეებმა გადამიყვანეს, ცოტა მცემეს. პოლიციამ და მესაზღვრეებმა დამარტყეს. ჯერ ჯავაში რომ დამაკავეს, უაზში მცემეს, შემდეგ ცხინვალში. მეუბნებოდნენ რატომ გადმოხვედიო. კეფაში გირტყამენ, რომ არ შეგეტყოს. სასამართლო არ ყოფილა, არც ჯარიმა გადამიხდია, - ამბობს მალხაზ ჯანელიძე.