ქვეყნის მთავარი ცენზორი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური ჟურნალისტებს მუშაობის სტანდარტებს უწუნებს და ამბობს, რომ მათი სურვილია, "რამენაირად ფაქტი არ გააგებინოს" საზოგადოებას.
ბექაური საკუთარ აღქმებზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ინფორმაციას უსმენ, "გგონია", ჟურნალისტს უნდა, რომ საკუთარი მოსაზრება ფაქტად წარმოაჩინოს.
„როდესაც ინფორმაციას უსმენ, გგონია, რომ ფაქტის მოძიება კი არ უნდა ჟურნალისტს და სწორად გაუკეთოს ინფორმირება, პირიქით, უნდა, რომ რამენაირად ფაქტი არ გააგებინოს და საკუთარი მოსაზრება გაასაღოს ფაქტად. მერე ეს წარმოშობს მეორე მხარეს.
ერთი მედიასაშუალება რომ კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესს ატარებს და ცდილობს საკუთარი მოსაზრება ფაქტად გაასაღოს და დაამახინჯოს, მერე ეს წარმოშობს მეორე მხარესაც იგივე სურვილს - როცა ხედავს ამას, რომ ეს რეგულირებული არ არის და არავინ მომკითხავი არაა და ეს დარღვევა „მოსულა“, იგივე მეთოდით იწყებს ბრძოლას, რაც იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას“, - თქვა კახა ბექაურმა "მაესტროს" ეთერში.
ცნობისთვის, სწორედ ბექაურის უწყებამ დააჯარიმა "მთავარი არხი" 112 ათასი ლარით.