სოფელ ზეღდულეთში ხმაურია - მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ავტობანის გადაკეტვას აპირებს

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში დილიდან ხმაურია. ადგილობრივები ისევ გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ისინი ცოტა ხანში ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმართულებით დაიძვრებიან, რათა პროტესტის ნიშნად ავტობანი გადაკეტონ. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებისთვის ინვესტორთან მოსალაპარაკებლად მიცემული 10 დღიანი ვადა ამოიწურა და შედეგი არ დადგა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინვესტორის გარდა, მიწების დიდი ნაწილი სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ბერიანიძემ ჩაიგდო ხელში და მოსახლეობა საძოვრების გარეშე დატოვა.

"მიისაკუთრა ჩვენმა დეპუტატმა ეს მიწა-წყალი იყო ახალი თაობისთვის დანაწილებული, მაგრამ სად არის. მაგან რომ გაიმარჯვა, ახლა ჭაობს გვართმევენ ხელიდან. ჩვენ რომ საქონელი არ გვყავდეს, რითი უნდა ვაცხოვროთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები. ამ მიწა-წყალის გულისთვის იცით რამდენი ბიჭი მოკვდა? რას ეუბნებიან იმათ მშობლებს? რის გამო დაიხოცნენ, იმისთვის, რომ ამ მაიმუნმა მთავრობამ პირიდან ლუკმა გამოგვგლიჯოს?", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა დაპირებას ახსენებს სოზარ სუბარსაც, რომელიც 2012 წლამდე მათ ხშირად ხვდებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მიწებს რაც ინვესტორებზე იყო გასხვისებული, უკან დაუბრუნდება, თუმცა მას შემდეგ ადგილობრივებს სუბარი აღარ უნახავთ.

ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები კარდაკარ დადიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ დღეს ქუჩაში არ უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა აქციაზე მაინც შეიკრიბნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტის უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.

სოფელში სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული. პოლიციის დანაყოფებია განლაგებული ცენტრალურ ავტომაგისტრალთანაც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი