"ოცნების" ხელისუფლება ისტორიის ნგრევას აგრძელებს - ასე აფასებენ სპეციალისტები გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესებს. ისინი ამბობენ, რომ წლებია სამუშაოების შესრულების კუთხით სერიოზულ ხარვეზებზე საუბრობენ, თუმცა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მათ პროვოკატორებს უწოდებს და რეკომენდაციებს არ იზიარებს.
"დღეს ვისმენთ წულუკიანისგან, რომ თურმე მორალური წინააღმდეგობა ყოფილა გელათში სახურავის გამოცვლა, არავის არ აინტერესებს ქალბატონი წულუკიანის პოლიტიკური რეპუტაციის ამბავი, არავის არ აინტერესებს იმ ადამიანის რეპუტაციის ამბავი, რომლებმაც ან დუმილით, ან მოქმედებით დანაშაული ჩაიდინეს, ჯობია ქალბატონმა წულუკიანმა საერთოდ დატოვოს თანამდებობა", - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კი ფიქრობს, სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულების გამო, მონასტერში მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს.
"არცერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ჯანსაღი, საერთაშორისო საზოგადოებისგან გამოთქმული და ეროვნულ დონეზე გამოხატული, არ მიიღო კულტურის სამინისტრომ და ეს არის ჩიხი...გელათს სჭირდება სულ სხვა ხედვა და ამის საპირისპიროს ვხედავთ, გელათში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება", - თქვა ვაჩეიშვილმა.
გელათში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის წარმომადგენლებმაც შეაფასეს. მათი თქმით, აუცილებელია მინისტრმა თანამდებობა დატოვოს და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ისტორიულ მონასტერზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს.
"გელათის მონასტერმა ათასწლეულების განმავლობაში გაუძლო უამრავი მტრის შემოსევას ისე, რომ არ დაზიანებულა და ახლა, სამწუხაროდ, ზიანდება ქართული ოცნების და ქალბატონი წულუკიანის მავნებლობის გამო. ვინ მოიტანს იმ 7 მილიონ ლარს, რომელიც გაიფლანგა, რომელიც მოიპარეს, სახლში წაიღეს გელათის რესტავრაციის ხარჯზე, იმიტომ, რომ ეს დაჯდება მილიონობით ლარი", - ამბობს გიგა შუშანია ქუთაისის საკრებულოს წევრი.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში თქვა, რომ გელათის კომპლექსის ძირითად ტაძარს, დიდი ალბათობით, სახურავს მოხსნიან. მისი განმარტებით, სამონასტრო კომპლექსზე მომუშავე კომპანიის „იკორთა 2007-ის“ არასწორი სამუშაოებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უყურადღებობით, ტაძრის დროებითი გადახურვა აღმოჩნდა უხარისხო და პრობლემებს ქმნის.
სამხარაულის ბიუროს დასკვნით გამოვლინდა, რომ სარესტავრაციო სამუშაოებს არ შეესაბამებოდა არც გამოყენებული კრამიტი და არც დუღაბი.
იხილეთ ასევე:
"გამიჭირდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ბრძოლა" - წულუკიანი გელათზე