შრომის ინსპექცია კლუბ „ხიდს“ ლუქავს. კლუბი გასულ ღამეს 10 000 ლარით დააჯარიმეს.
უწყების ინფორმაციით, 3-4 დეკემბერს ინსპექციამ ზედამხედველობის პროცესში “ხიდზე” აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
"აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322-ე დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.
მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის დალუქვისა და 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ „მწვანე ზონების“ კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.
შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მწვანე ზონების უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიების გამოვლენის ფაქტებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.