სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები ახლა ლუკმა პურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. ადგილობრივების ერთადერთი შემოსავლის წყარო აქ მესაქონლეობაა, მაგრამ სოფელს საძოვარი ფაქტობრივად აღარ გააჩნია, წლების განმავლობაში პრობლემის წინაშე ხელისუფლებისგან მიტოვებულმა მოქალაქეებმა დღეს პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა გადაწყვიტეს.
მას შემდეგ რაც ზეღდულეთელებმა გზის გადაკეტვა დააპირეს მათთან შესახვედრად სოფელში გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი ჩავიდა.
ვერც მერმა და ვერც გუბერნატორმა პროტესტის მონაწილეებს საიმედო ამჯერადაც ვერაფერი უთხრა, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
პოლიციასა და ადგილობრივი ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემდეგ ზეღდულეთელებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს და 5 კმ ფეხით გაიარეს. ავტობანთან ასობით პოლიციელს ცოცხალი კედელი ჰქონდა გაკეთებული, ოპერაციას შიდა ქართლის პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობდა.
ადგილობრივი საჯარო მოხელეები მთელი დღის განმავლობაში ამტიცებდნენ, რომ მიწებს წინა ხელისუფლებამ 2008 წელს სტატუსი შეუცვალა და გაასხვისა, ამის საპირისპიროდ სოფლის მცხოვრებლებმა ის დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელიც ამტკიცებს რომ მიწები ქართლი ოცნების ხელისუფლების დროსაც რამდენჯერმე გასხვისდა და საკმაოდ დიდი ფართობი "ოცნების" დეპუტატ კობა ბერიანიძეს ერგო. ბერიანიძე დოკუმენტების ნახვამ გააღიზიანა და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
ადგილობრივების თქმით, ბერიანიძეს ამ ბაღის გარდა ათობით ჰექტარი აქვს მითვისებული, რომელსაც წლების განმავლობაში მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა. ახლა კი იძულებულები არიან, რომ საქონელი გაყიდონ, რადგან სოფელს მიწა უბრალოდ აღარ დარჩა.
ზეღდულეთში ადგილობრივებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2008 წელს გაყიდული 80 ჰექტარი საძოვარი რამდენჯერმე ისევ გასხვისდა და ახალმა ინვესტორმა მიწის დამუშავება დაიწყო. ზეღდულეთელებმა დღეს პროტესტი დროებით შეწყვიტეს, ისინი პრობლემით დაინტერესებას ხელისუფლების უმაღლეს პირებთან ერთად სახალხო დამცველს სთხოვენ.