სამთო მაშველებს, რომლებსაც უმძიმეს მეტეოროლოგიურ პირობებში უწევთ ადგილობრივებისა და ტურისტების დახმარება უკვე 4 წელია სამთო ფორმა-ტანსაცმელი არ მიუღიათ. ამის შესახებ ვიგებთ პატაკიდან, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაიწერა.
ამავე სამსახურის უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი თეიმურაზ მღებრიშვილი მოხსენებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, იოსებ ჭელიძეს აბარებს. დოკუმენტით დასტურდება, რომ სამთო ფორმას ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, ხოლო მაშველები სხვების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.
"სამთო ფორმა-ტანსაცმლის შესყიდვა არ განხორციელებულა ბოლო 4 წელიწადია და სამაშველო ღონისძიების ჩატარება ხდება ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ. მოახლოებულია ზამთრის სეზონი და სასაწყობე მარაგები არ გაგვაჩნია, ხოლო დანაყოფებში არსებული სამთო ფორმის ექსპლუატაციის ვადა გასულია." ვკითხულობთ პატაკში
მთელი კვირის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურს პასუხი არ გაუცია ჩვენს შკიხთხვაზე, რატომ არავინ იყიდა 4 წლის განმავლობაში სამთო მაშველებისთვის ფორმები?
სათანადო ტანსაცმლის არარსებობა კი ადამიანებს, რომლებიც წესით სხვების გადარჩენაზე უნდა ზრუნავდნენ, აქეთ აყენებს სასიკვდილო საფრთხის წინაშე.