სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - სუბელიანის შვილის ჩვენებას სარალიძე-კალანდიებს შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილმა მომხდარის შესახებ სასამართლოზე ღიად პირველად ისაუბრა.

ხორავას ქუჩის ბნელ ფარდულში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ჩხუბით დაიწყო. ალექსანდრე სუბელიანის ჩვენების მოსმენის დროს ზაზა სარალიძემ ემოციები ვერ შეიკავა და ადვოკატ ზურა თოდუას დაუპირისპირდა.

ზაზა სარალიძის დარბაზიდან გასვლის შემდეგ, მოვლენები დრამატული სცენარით განვითარდა. ერთ-ერთმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, ზაზა სარალიძის თანმხლები იყო, ბრალდებული მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებს დარბაზიდან საქმის გასარჩევად გარეთ გასვლა მოსთხოვა.

დაპირისპირების დროს სასამართლოს დარბაზის კარი ჩამოაგდეს, მანდატურებმა ჩხუბის მონაწილეების გაშველება სასამართლოს დარბაზში ვერ შეძლეს, რის შემდეგაც პროცესებმა სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა.

ჩხუბის გამო მოსამართლე იძულებული გახდა სხდომა შეეჩერებინა და ხორავას ქუჩის ბნელ ფარდულში მომხდარი მკვლელობის მთავარი ფიგურანტის დაკითხვა ერთ საათში გაგრძელდა. ალექსნადრე სუბელიანმა დღეს კამერების წინ პირველად თქვა, რა კონფლიქტი უძღვოდა წინ სკოლის მოსწავლეების საქმის გარჩევას.

სუბელიანი იხსენებს, რომ ის და მისი მეგობარი თემო ჩოგოვაძე თანასკოლელმა დაჩი ღლონტმა და დათა ნიკოლაიშვილმა საპირფარეშოში შეიყვანეს, სადაც აბულინგებდნენ და სათამაშო იარაღის გასროლით აშინებდნენ. კონფლიქტი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მე-11 კლასელებმა ჩოგოვაძე და სუბელიანი სკოლის შემდეგ სასაუბროდ დაიბარეს.

დეიდაშვილის თხოვნის შემდეგ მიხეილ კალანდია მეგობრებთან ერთად 51-ე სკოლასთან მივიდა,  საქმის გასარჩევად არასრულწლოვნები ხორავას ქუჩაზე წავიდნენ. სუბელიანი ამტკიცებს, რომ საუბრის შემდეგ ღლონტთან და ნიკოლაიშვილთან შერიგდნენ, თუმცა დავით სარალიძის რეპლიკის გამო ვითარება ისევ დაიძაბა, სარალიძემ გარჩევის მონაწილე გიორგი ჯანაშიას შეაგინა და სიგარეტის ნამწვი ესროლა. ამის შემდეგ დაიწყო დანებით დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის.  

საქმის მთავარი მოწმე ამტკიცებს, რომ არ დაუნახავს, რა ხდებოდა ბნელ ფარდულში, თუმცა ეზოდან გამოსვლისას სისხლიანი დავით სარალიძე ნახა.  არ დაუნახავს, თუმცა ზუსტად იცის ისიც რომ მსჯავრდებულმა  გიორგი ჯანაშიამ სარალიძეს ბასრი საგანი დაარტყა.

დღევანდელ ჩვენებაში სუბელიანმა დაადასტურა ის, რასაც პროკურატურა 2 წელია ცდილობს დაამტკიცოს, რომ სარალიძეს ბასრ საგანს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძეც ურტყამდა, არც ის გამორიცხა, რომ მკვლელობაში მამა შიო მენაბდის შვილი გიორგი მენაბდეც მონაწილეობდა.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილის ეს ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანაშიას მსგავსად გუგა ბარბაქაძეს საპროცესო შეთანხმებას სახელმწიფო ბრალდება სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობის აღიარებაში გაუცვლის. დაზარალებულის ოჯახის ადვოკატს აქვს ეჭვი, რომ 2 წლის შემდეგაც პროკურატურა საკუთარი დანაშაულის დაფარვას მსჯავრდებულებზე ხელის შეწმენდით ცდილობს.

ხვალ გახდება ცნობილი, ვის გაუფორმებს საპროცესო გარიგებას პროკურატურა. ბრალდებულ გიორგი ჯანაშიას პროცესი უზენაეს სასამართლოშია ჩანიშნული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი