ქუთაისის პარლამენტის შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს - ქუთაისლები მთავრობის ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან

გამოქვეყნდა:

პრემიერ გიორგი გახარიას პასუხი, მთავარის  შეკითხვაზე, რომელიც  ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციას ეხებოდა, უმწვავესი შეფასებების მიზეზი გახდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ 2018 წელს ქალაქს საკანონმდებლო ორგანო ისე წაართვა, მის ალტერნატივაზე არც უფიქრია, ახლა კი შენობის გასხვისებას გეგმავს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ყოფილ შენობასთან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევანზე გაიმარჯვებს ის ძალა, რომელიც ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს დაუბრუნებს.

ქუთაისში არ მყავს მეგობარი, ნათესავი, ნაცნობი, თანაპარტიელი, რომელიც ამ განცხადებით აღშფოთებული არ იყოს. შეურაცხყოფას აყენებენ არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელ საქართველოს, იმიტომ რომ, ქუთაისი თუ არ გიყვარს, ამ ქალაქს, თუ მოახერხე და წაართვი ყველანაირი ფუნქცია, დაუკარგე საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქცია, ესე იგი, შენ საქართველო არ გიყვარს, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე

მისი თქმით, ქუთაისის როლი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ხელისუფლების დეცენტრალიზაციის საქმეში. 

ქუთაისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს კვლავ თბილისში გადატანის შემდეგ რეგიონში ისედაც მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. 

რას ყიდის, მამამისის გაკეთებულია თუ რა?! არ უნდა გაყიდოს და უნდა ვიყოთ ისე ფხიზლად, რომ ასეთი საქციელი ვერ განახორციელოს, - ამბობს ერთერთი ქუთაისელი.

ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ მოვა დრო და პარლამენტი ისევ დაუბრუნდება მათ ქალაქს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, როდესაც პარლამენტი ქუთაისიდან ისევ თბილისში დაბრუნდა, მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ამ შენობაში საპოლიციო ჰაბი გაიხსნებოდა.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი