იქ, სადაც საუკუნეების წინ სამასმა არაგველმა ფიცი დადო, ახლა სამშენებლო ნარჩენები ყრია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია საფრთხეშია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ტაძრიდან 50 მეტრში ორი კვრის წინ დაჩქარებული ტემპით, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ხეობაში კობი- ქვეშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებელი მუშებისთვის საცხოვრებელს აშენებენ. მთიულები მშენებლობის გასაპროტესტებლად დღეს ხადას ხეობაში შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებთან დასაპირისპირებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე ქართული ოცნების მხარდამჭერებიც მიიყვანეს, რომლებიც ამტკიცებედნენ, რომ მშენებლობა არ მოსწონთ, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ განვითარებული პროცესები ოპოზიციის მართული ჰგონიათ.
გუბერნატორის მხარდამჭერბს არც მთავარი არხი გამორჩათ მხედველობიდან და შეეცადნენ, გადამღების ჯგუფისთვის ხელი შეეშალათ.
გუბერნატორი, მერი და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები აქციაზე საკუთარი გადამღები ჯგუფებით მივიდნენ. ჩინოვნიკებმა ტერიტორია ისე დატოვეს, "მთავარი არხის" კითხვებს არ უპასუხეს.
გუბერნატორმა ადგილობრივებს მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის უსაყვედურა.
ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს უმტკიცებდა, რომ კომპანიამ გზის პირას მშენებლობა ისე დაიწყო, მათ არაფერი იცოდნენ.
სანამ გუბერნატორი ადგილობრივებს უმტკიცებდა, რომ მშენებლობა უკანონო იყო და არაფერი იცოდნენ, მშენებლობის უფროსმა დავიდასტურა, რომ სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლება ჰქონდათ, მშენებლობის უფროსმა არც ის იცოდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტმა ნებართვის გაცემა უარყო და მათ საქმიანობას უკანონო უწოდა.
ადგილობრივებმა დაპირება მიიღეს, რომ მშენებლობა გაჩერდება და ჩასხმულ საძირკველს მიწას გადააყრიან. ნაღვარეველები ახლა ოფიციალურ ხელმოწერილ დოკუმენტს ელოდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ამ მასშტაბის სამუშაობს ასე მარტივად არ გააჩერებენ.