"პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს" | ბათუმელი ჟურნალისტები

გამოქვეყნდა:

ბათუმელი ჟურნალისტების, გიორგი არობელიძისა და რატი რატიანის თქმით, პოლიციამ მათ ბათუმში პოლიციის განყოფილებაში სცემა. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. მათი ცნობით, ჟურნალისტები 17 დეკემბერს, გვიან ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჟურნალისტების თქმით, დაკავებამდე მათზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა.

გამოცემის ცნობით, ინციდენტს წინ ბარ "ადგილის" გარეთ ჩხუბი უძღოდა. ბარი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე იმ შენობაშია, სადაც პოლიციის განყოფილებაცაა. გიორგი არობელიძის თქმით, მაშინ როცა ადგილზე ჩხუბი ატყდა ის მეგობრებთან ერთად ბარის წინ იდგა.

"…ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა. ბარში მყოფმა ხალხმა, აი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი ადამიანისთვის თავი, წვნიანი დაალევინეთ, თუ მაინცდამაინც-თქო… ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში," - აღნიშნავს გამოცემასთან გიორგი არობელიძე. 

პოლიციის მე-6 განყოფილებასთან გარეთ დარჩნენ ჟურნალისტები რატი რატიანი და ნათია ქარჩილაძე, რომლებმაც პოლიციელებს მოსთხოვეს ეჩვენებიათ გიორგი არობელიძე, ან მასთან მობილური ტელეფონით დალაპარაკების საშუალება მიეცათ.

"ამას ვითხოვდით იმიტომ, რომ შენობიდან გამოდიოდა ჩხუბის ხმები, ვიეჭვეთ, რომ გიორგის და იმ დაკავებულ კაცსაც ურტყამდნენ, მომკიდეს ხელი და მეც შემათრიეს, გიორგის გვერდით დამსვეს…" – ყვება ბათუმელებთან „აჭარის რადიოს“ და „მაუწყებლის“ ჟურნალისტი რატი რატიანი.

რატი რატიანს სამედიცინო შემოწმება მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ჩაერთო. "დაზიანებები მეტყობოდა სხეულზე, მკლავზე მქონდა ჩაქცევები და თვალი მტკიოდა, დღეს ექსპერტიზაც ჩამიტარდა",-თქვა მან.

რატიანის თქმით, ჟურნალისტებს პოლიციელებმა მას შემდეგ დაანებეს თავი, როცა უთხრეს, რომ ამის გამო პასუხს სასამართლოში მოსთხოვდნენ.

ჟურნალისტები, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 18 დეკემბერს გაათავისუფლა. საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერსაა დანიშნული. მათ ინტერესებს სასამართლოში "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" დაიცავს.

ფოტო: ბათუმელები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი