სავარაუდო სექსუალური ძალადობის მხვერპლი არასრულწლოვანის ოჯახმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობა დაიწყო. მათი პროტესტის მიზეზი გურჯაანის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც ბრალდებულ 58 წლის მამაკაცს ჯერ გირაო შეუფარდა, შემდეგ კი გაათავისუფლა.
ოჯახი პრეზიდენტისგან პროცესში ჩართვას ითხოვს, რათა დადგინდეს, რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი. 6 წლის მოზარდის ახლობლები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციებს აანონსებენ.
მოზარდის ოჯახის წევრებმა პროტესტის უკიდურეს ზომას რამდენიმე წუთის წინ მიმართეს და ისინი დაშლას არ აპირებენ. ოჯახის წევრების განცხადებით, არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს მამაკაცი რეალური დამნაშავეა და სასამართლომ ეს მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მათ არ აძლევენ საქმის მტკიცებულებების და ექსპერტიზის მასალების გაცნობის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ვინაობა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია.
პოლიციის გაკეთებული ოქმით დაიჭირეს სოფლის პედოფილი და იყო 9 თვე ციხეში. თუკი დამნაშავე არ იყო, რატომ გააჩერეს 9 თვე და 9 თვის მერე რა საფუძველით, რა მიზეზით გამოუშვეს, ჩვენთვის გაუგებარია. ვაცხადებთ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტი ან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვინმე არ გამოვა, არსად წასვლას არ ვაპირებთ, - ამბობს დაზარალებულის ოჯახის წევრი.
ოჯახის წევრები პირველ რიგში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ.
შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა, ბრალდებული 9 თვე დაკავებული იყო, თუმცა შემდეგ იგი გურჯაანის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.