მესტიის მუნიციპალიტეტში "მაინერინგის" აკრძალვის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა და პროტესტის ნიშნად, საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციაში მესტიის მერი, კახა ჟორჟოლიანიც მონაწილეობდა.
როგორც მერმა აღნიშნა, ადგილობრივების ნაწილის მიერ მუნიციპალიტეტში მაინერების ჩართვის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"მინდა მოსახლეობას მივმართო, ყველგან გამორთონ მაინერები, რომ ჩვენ გვქონდეს განვითარების საშუალება. უნდა გამოვიდეს შესაბამისი განკარგულებები, რომ "მაინერინგი" მოისპოს სვანეთში. ყველას ვთხოვ, ვისაც ჩართული აქვს, გამორთონ, რომ მოსახლეობას, ბევრი ავადმყოფი გვყავს, ბევრი ინვალიდი, მივცეთ საშუალება, რომ არ გვყავდეს სიბნელეში", - თქვა ჟორჟოლიანმა.
საპროტესტო აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მათ თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და დაპირდნენ, რომ პრობლემას რამდენიმე დღეში მოაგვარებენ.
ცნობისთვის, მაინერი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც კომპიუტერული გამოთვლების მეშვეობით ელექტრონულ ფულს გამოიმუშავებს, როგორებიცაა "ბიტკოინი", "ლაითკოინი", "ეთერიუმი" და სხვა. მაინერებს მუშაობისთვის დიდი ოდენობით ელექტრო ენერგია სჭირდება.