კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტატო გეთიას თქმით, კლუბების წინააღმდეგ "მიზანმიმართული ნგრევა" მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, კლუბების ასოციაცია სამოქმედო გეგმაზე ერთობლივად იმსჯელებს.
"სავარაუდოდ, არის მიზანმიმართული ნგრევა ამ სცენის. მრავალთვიანი მოლაპარაკებების და კოორდინაციის შედეგად, ყველამ ვნახეთ ის სქრინი, რომელიც მოიწერა შრომის უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ბექა ფერაძის დასტურით, რომ - კი, ჩვენ თქვენ გეუბნებით, რომ იშოვეთ შესაბამისი სახსრები, რომ თქვენი სივრცეები მოიყვანოთ არსებულ დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობაში და ამის საფუძველზე თქვენ ყველა გაიხსნათ. მთელ ამ პროცესებში საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გავრცელების პრევენციით, ეს სრული აბსურდია. დღევანდელ ღამეს რომ ჩავატარებთ, სავარაუდოდ, კლუბების ასოციაცია შევიკრიბებით და გავივლით, მაგრამ გეგმებზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი გამიჭირდება", - თქვა ტატო გეთიამ.
კლუბ ბასიანში ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა აქცია მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შრომის ინსპექციამ კლუბი "ბასიანი" 10 000 ლარით დააჯარიმა. კლუბის წარმომადგენლებმა ჯარიმა არ ჩაიბარეს და ამბობენ, რომ არც მოთხოვნებისადმი დამორჩილებას აპირებენ.
ამასთან, სამართალდამცველებმა ობიექტს გონივრული ვადა მისცეს, რომ ტერიტორიიდან ტექნიკა და აპარატურა გამოიტანონ, რათა შემდეგ კლუბი დალუქონ.